აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩასვლაზე უარი განაცხადა, იუწყება აზერბაიჯანული მედია.
ვიზიტის ფარგლებში 5 ოქტომბერს იყო დაგეგმილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა.
აზერბაიჯანული მედია მიზეზად საფრანგეთის „დესტრუქციული განცხადებებს და ამის გამო სიტუაციის გამწვავებას“ ასახელებს.
„ასეთ პირობებში აზერბაიჯანულმა მხარემ უარი განაცხადა მოლაპარაკებაზე,“ - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.
20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.
28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.