გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უკრაინისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფაში დარწმუნებულია.
„დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს. კონგრესში არის როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი წევრების დიდი რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და დიდი უმრავლესობა ამის მომხრეა.
ამიტომ, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი სწრაფად დაამტკიცებს დამატებით თანხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ აშშ-ის პრეზიდენტთან, სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, ტელეფონით. აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ ნამდვილად შესაძლებელია, მომავალში დავეყრდნოთ აშშ-ს ამ საკითხში,“ – აღნიშნა შოლცმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.
3 ოქტომბერს ის ტელეფონით ესაუბრა მოკავშირეებს. თეთრი სახლი ცდილობს, უზრუნველყოს კიევის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა ბოლო დღეებში მეტი დახმარება ვერ დაამტკიცა.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის კოორდინირებული მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ესაუბრა.
უფრო ადრე ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იენს სტოლტენბერგმა.
„დღეს დილით პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო თათბირი გამართა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოეხდინა უკრაინის მიმართ ჩვენი უწყვეტი დახმარების კოორდინაცია,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთი სახლი დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა.
მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი."
„აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“