კახა კალაძე ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების გეგმაზე: შემაშფოთებელი და მძიმეა აღნიშნული გადაწყვეტილება

თბილისის მერი, კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომლის თანახად, რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“, შემაშფოთებელს და მძიმეს უწოდებს. 

კალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თანამედროვე მსოფლიოსგან აქვს სრული მხარდაჭერა.

„არ გავცნობივარ განცხადებას თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ.