ემანუელ მაკრონი ევროპას და აშშ-ს მოუწოდებს, კორონავირუსის ვაქცინის 5% ღარიბ ქვეყნებს გაუგზავნონ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპას და აშშ-ს სთხოვს, კორონავირუსის ვაქცინის 5% ღარიბ ქვეყნებს გაუგზავნონ.

Financial Times-თან ინტერვიუში მაკრონი ამბობს, რომ ვაქცინების სამართლიანად განაწილება გლობალურ უთანასწორობას გამორიცხავს.

ვაქცინების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დროისთვის მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა მიიღეს. მაკრონმა დისბალანსის მოგვარების გეგმა პარასკევს მსოფლიო ლიდერებს G7-ის ვირტუალური სამიტის წინ შესთავაზა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები COVAX-პლატფორმის მხარდაჭერას 2-დან 4 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას ისახავს. პროექტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.