საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. აუზის კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.
ასევე, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა.
„ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.