ყირგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წვრთნები "ურღვევი ძმობა - 2023" იმართება.
წვრთნები 6-დან 13 ოქტომბრამდე ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ მოედანზე, ქალაქ ბალიკჩიში ჩატარდება.
მასში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის ფედერაციისა და ტაჯიკეთის ძალები.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასულ თვეში სომხეთის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლების წინ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვზე ერევნის სრული დამოკიდებულება შეცდომა იყო“. სექტემბერში მან ასევე განაცხადა, რომ ერევნის მონაწილეობა ორგანიზაციაში სომხეთის ინტერესებისთვის არაეფექტიანია.
CSTO 1992 წელს შეიქმნა და სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს.