„მაშინ, როცა კავკასიის რეგიონს ინაწილებენ თურქეთი და რუსეთი, საქართველო ან მათ განაწილებას უნდა შეეგუოს, ან დასავლეთს სრულად გაუხსნას გზა, ამისთვის აუცილებელია სრულფასოვანი პარლამენტი და ოპოზიციის პარლამნეტში შესვლა", - ამის შესახებ Europetime-ს ანალიტიკოსმა ზაზა ფირალიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რეალურად, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებამ, ქვეყანას დააკარგინა ოპოზიცია და ეს გამოჩნდა NDI-ს კვლევებში, თუ რამდენად დაბალია ხელისუფლებისადმი ნდობა და კიდევ უფრო დაბალი - ოპოზიციისადმი ნდობა.
„ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისის მანიშნებელია, როცა ოპოზიცია მცირე ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არის უბედური. ახლა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა ყველაზე მეტად აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ 200 წლის შემდეგ, ჩვენს რეგიონში შემოვიდა თურქეთი, ვგულისხმობ აზერბაიჯანში თურქი სამხედროების შესვლას.
დასავლეთისთვის ეს არის ძალზედ შემაშფოთებელი ვითარება. რეგიონს ინაწილებენ რუსეთი და თურქეთი. ჩვენ განზე ვერ დავდგებით. დასავლეთსაც სწორედ ეს უნდა, რომ ჩვენ გავუხსნათ ყველა გზა. ამისთვის აუცილებელია სრულფასოვანი პარლამენტის არსებობა.
ხაზს ვუსვამ, ამ ხელისუფლების პრობლემა მაშინ გამოჩნდა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ამოწურა თავისი პოლიტიკური რესურსები. ამოწურა რესურსი დასავლეთთან პოზიტიური კონტაქტისა. ამ სიტუაციაში მე სწორედ ოპოზიციასთან მაქვს პრობლემა, რომ ისევ ვერ ახერხებს ნაყოფიერი პოლიტიკური პლატფორმის პოვნას. ისევ 1991 წლის და 2003 წლის პოლიტიკური მეთოდების ტყვეობაშია", - განუცხადა", - განუცხადა Europetime-ს ზაზა ფირალიშვილმა.