პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული დაჯგუფების სარაკეტო იერიშის შემდეგ თავის პირველ მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი ომშია.
„ისრაელის მოქალაქეებო, ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ,“ - ამბობს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუმ ფართო სარეზერვო მობილიზაციას შესახებ ბრძანება გასცა. მოიწვია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია. ნეთანიაჰუმ მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, მკაცრად დაემორჩილონ არმიისა და შიდა სარდლობის მითითებებს.
უფრო ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასმა „ამ დილით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ.
ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.
BBC შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მხარე 2000-ზე მეტ რაკეტაზე მიუთითებს.
შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის.
გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ისრაელის საავადმყოფოებში ასობით ადამიანი მკურნალობს, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა.