- 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.
- ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 545 ადამიანი დაშავდა
- ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა
Europetime გთავაზობთ ევროპელი ლიდერების გამოხმაურებებს, რომლებიც ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას მოჰყვა
შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: მტკიცედ ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ განურჩეველ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, რომლებსაც უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთანაა. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ საშინელ მომენტში.
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი: კატეგორიულად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც ამჟამად ისრაელის წინააღმდეგ ხორციელდება. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
რიში სუნაკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: დილიდან შოკირებული ვარ „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით. ისრაელს აქვს აბსოლუტური უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელის ხელისუფლებასთან. ისრაელში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან სამოგზაურო რჩევები.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას. ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან.
ჯოზეფ ბორელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში.