კონგრესში დავის ფონზე, ბერლინი და ვაშინგტონი უკრაინის მხარდამჭერ სიგნალს აგზავნიან - ბაიდენმა შტაინმაიერს უმასპინძლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრა უკრაინის დახმარების ირგვლივ, კონგრესში მიმდინარე დავის ფონზე გაიმართა. გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი აგზავნიან სიგნალს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

გერმანიის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა აშშ-ის კონგრესში განვითარებული მოვლენების გამო. 


„მე ვარ ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი გერმანიაში, ვინც ამას არამხოლოდ ინტერესით, არამედ, შეშფოთებით უყურებდა. ჩვენ ვიგრძენით დაძაბულობა აქ, პოლიტიკურ ვაშინგტონში,“ - განაცხადა შტაინაიერმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ გამოსავალი მოიძებნება. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ შეთანხმება მიიღწევა. შტაინმაიერმა პირობა დადო, რომ ბერლინი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს.


„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში,“ - განაცხადა შტაინმაიერმა. მისი თქმით, მანაც და ბაიდენმაც მნიშვნელოვანი მიიჩნიეს ერთობლივი „სიგნალის“ გაგზავნა, რომ ვაშინგტონი და ბერლინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ გერმანია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, რათა დაარწმუნოს სხვები, წვლილი შეიტანონ უკრაინის მხარდაჭერაში.

შეხვდრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა არსებითია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად -  კლიმატის ცვლილებისა და სურსათის უსართხოების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ჩათვლით. „ჩვენი ალიანსი გადამწყვეტია ჩვენი ძალისხმევისთვის, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხალხს, რომ მამაცურად დაიცვან თავიანთი ქვეყანა, მათი თავისუფლება და მომავალი.“


ცნობისთვის, შტაინმაიერი ასევე შეხვდა CIA-ს ხელმძღვანელს, უილიამ ბერნსს.

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილა „მიმდინარე კონფლიქტები" და „გეოპოლიტიკური ცვლილებები," თუმცა დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა. შტაინმაიერის ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად გერმანულ-ამერიკული დღის ღონისძიება დასახელდა. ეს დღე 6 ოქტომბერს აღინიშნა.

„გერმანულ-ამერიკული მეგობრობა ღრმა და ძლიერია“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.