24 საათზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმა წამოიწყო. BBC აჯამებს, რა ხდება ქვეყანაში ამ დროისთვის.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის „რვა ცხელი წერტილი“, სადაც „ჰამასის“ ბოევიკებთან უწევთ გამკლავება, თუმცა აღნიშნავენ, რომ დაიბრუნა კონტროლი ქვეყნის სამხრეთით, 22 ლოკაციაზე.
ჰამასი ამბობს, რომ „სასტიკი ბრძოლები" გრძელდება
ისრაელმა დაიწყო საპასუხო დარტყმები ღაზის სექტორში მდებარე ობიექტებზე და ურჩია იქ ხალხს, დატოვონ ტერიტორია - საჰაერო თავდასხმებს 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, აცხადებენ პალესტინელი ოფიციალური პირები.
BBC-ის რეპორტიორი ღაზაში, ამბობს, რომ აფეთქებების ხმები არ წყდება - ოჯახები გაეროს მიერ მართულ სკოლებს აფარებენ თავს. „ჰამასის“ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდასხმის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 250 ისრაელელი. დაშავებულია ასეულობით ადამიანი. ათობით - შესაძლოა, 100-მდეც კი, აშშ-ში ისრაელის საელჩოს ცნობით - გაიტაცეს.
ლიბანური შეიარაღებული დაჯგუფება, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰეზბოლა“ ასევე ჩაერთო ბრძოლაში, რომელმაც განაცხადა, რომ დოვის მთაზე დარტყმების უკან იდგა - ტერიტორიაზე, რომელზეც ისრაელი, ლიბანი და სირია პრეტენზიას აცხადებენ. BBC-ის თანახმად, ამას მოჰყვა ისრაელის საპასუხო გასროლა ლიბანში.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.