თეთრი სახლი განიხილავს სტრატეგიას, რომ უკრაინის დაფინანსება უზრუნველყოს ისრაელისთვის სასწრაფო დახმარების მოთხოვნით. ამის შესახებ Washington Post-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს. როგორც გამოცემა წერს, ეს მიდგომა მიზნად ისახავს, გაზარდოს კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების დამტკიცების ალბათობა, მიუხედავად იმისა, რომ პალატის რესპუბლიკელების მხრიდან მზარდი წინააღმდეგობაა.
ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ასეთ ნაბიჯს შესაძლოა, ჰქონდეს სტრატეგიული დატვირთვა, რადგან მას შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს ულტრამემარჯვენე ფრაქციაზე, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარების გაზრდას, მაგრამ მტკიცედ ემხრობა ისრაელის მხარდაჭერას.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ფიგურები დაუკავშირდნენ როგორც პალატის, ისე სენატის ლიდერებს, ასევე გავლენიანი კომიტეტების წევრებს და განუცხადეს, რომ თეთრი სახლი აპირებს, მოითხოვოს კონგრესის თანხმობა ისრაელისთვის დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ჰამასის“ ბოლო თავდასხმის საპასუხოდ, რომლებმაც შეაღწიეს ისრაელში და წამოიწყეს ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა 1973 წლის იომ კიპურის ომის შემდეგ. „ვაშინგტონ პოსტის“ წყაროების ცნობით, დახმარების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა შეიძლება უახლოეს კვირაში წარადინონ.