საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) 10 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ქალაქ დუბაიში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ. ცერემონიაში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღეს.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (“CEPA”) ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს.
„მოხარული ვარ, რომ ხელი ეწერება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (“CEPA”). ეს შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ჩვენს ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, ურთიერთობათა განმტკიცება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იდგა ინოვაციისა და პროგრესის სათავეებთან, რაც მომავლის იმედისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საწინდარია.
მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უმაღლესობას − შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მან შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში. მე ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თქვენო უმაღლესობავ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ეს ახალი ეტაპი, ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და გამარტივებას. დიდი მადლობა, გილოცავთ!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა − შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში.
„მიხარია, რომ დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში. მისი აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის ლიდერობით არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იღვწის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეთანხმება სამომავლოდ ბევრ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს. დიდი მადლობა!“- განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა − შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი. შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.
შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საიმპორტო ტარიფი მოიხსნება საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 5 წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით. ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას.
ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". აღნიშნულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მესამე და საბოლოო რაუნდი თბილისში მიმდინარე წლის მარტში გაიმართა,“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.