გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თიურქმა განაცხადა, რომ ღაზაში ბლოკადის შემოღება საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, დაშავებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე.

„ბლოკადის შემოღება, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლეს, რა დროსაც ისინი რჩებიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების გარეშე, აკრძალულია საერთაშორისო სამართლით,“ – განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა.

მისი შეფასებით, ადამიანების გადაადგილებისა და მათთვის პროდუქტების შეზღუდვა ბლოკადის მოსაწყობად, უნდა იყოს გამართლებული სამხედრო საჭიროებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კოლექტიური დასჯის ტოლფასი.


ადამიანის უფლებათა კომისარმა „გამოხატა ღრმა შეშფოთება იმის გამო, თუ როგორ გაიზარდა შაბათის შემდეგ სიძულვილის ენა და ძალადობის წაქეზება, რამაც გამოიწვია ანტისემიტიზმი და ისლამოფობია რეგიონში და გლობალურად.“

„ჩვენ მწარე გამოცდილებიდან ვიცით, რომ შურისძიება არ არის გამოსავალი და საბოლოოდ, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იხდიან ფასს,” - განაცხადა თიურქმა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს დაცული ყველა ვითარებაში. კომისარმა გავლენის მქონე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, გადადგან ნაბიჯები ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის განმუხტვის მიზნით.


თიურკის თქმით, ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე.“

უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ის „ღრმად შოკირებული და შეძრწუნებული იყო ბრალდებებით მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის შესახებ და, ზოგიერთ შემთხვევაში, პალესტინის შეიარაღებული ჯგუფების წევრების მიერ შემზარავი მასობრივი მკვლელობების შესახებ.“


„მოვუწოდებ პალესტინის შეიარაღებულ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ტყვედ ჩავარდა და დღემდე პატიმრობაში იმყოფება. მძევლების აყვანა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია,“ - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.