ოსტინმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას დამატებით, $200 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის მე-16 შეხვედრის წინ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

„სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს“, - განაცხადა ოსტინმა.

ოსტინმა აღნიშნა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის საბრძოლო მასალები საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და რუსული დრონების საწინააღმდეგო სამხედრო აღჭურვილობა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.


შეგახსენებთ, Reuters-ი 7 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ უკრაინისთვის $200 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. მისი ცნობით, პენტაგონი აგრძელებს მრავალმილიარდიანი სააღრიცხვო შეცდომის გამო აღმოჩენილი სახსრების გამოყენებას. შესაბამისად, ხსენებული პაკეტი კონგრესს ავტორიზებული აქვს. ამ თანხების ნაწილი უკვე გამოყენებულია. სააგენტო წერს, რომ სააღრიცხვო შეცდომამ კიევის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ახალ მეტი აღჭურვილობის გაგზავნა შესაძლებელია. აშშ-მ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფა დაიწყო მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა.



პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ივნისში განაცხადა, რომ სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შედეგად, მიმდინარე ფისკალურ წელს დაფიქსირებული შეცდომის დროს, 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო.