CNN: ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტს ჩინეთის 3 მოქალაქე ემსხვერპლა, 2 კი, დაკარგულია

CNN-ის ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელზე, ჩინეთის სამი მოქალაქე ემსხვერპლა.

„დადასტურდა, რომ ჩინეთის სამი მოქალაქე დაიღუპა კონფლიქტის დროს, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და რამდენიმე დაიჭრა,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თუმცა როგორც CNN წერს, მას „ჰამასი“ არ უხსენებია.


ჩინეთი „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ სიტუაციის დეესკალაციის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა „ჰამასის“ ქმედებები არ დაუგმია. ისრაელის ელჩმა ჩინეთში ირიტ ბენ-აბამ Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პეკინის პასუხის გამო იმედგაცრუებულია.

„ველოდით, რომ ჩინეთი ახსენებდა „ჰამასის“ სისასტიკეს, ველოდით, რომ ჩინეთი დაგმობდა ტერორისტულ თავდასხმებს,“ - აღნიშნა ელჩმა.