დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ პუტინის განცხადებას მიესალმა

დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ მიესალმა „რუსეთის დაუღალავ ძალისხმევას", რომელიც „მიზნად ისახავს ისრაელის აგრესიის შეჩერებას ტერიტორიის წინააღმდეგ.“

[ჩვენ] ვაფასებთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე სიონისტური აგრესიის და მის მიერ ღაზის ალყის უარყოფის შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც CNN ციტირებს.

 


რა განაცხადა პუტინმა: ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორივე მხარეს საბრძოლო მოქმედებების მინიმიზაციისკენ, ასევე, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ნულამდე დაყვანისკენ მოუწოდა.  ამასთანავე პუტინმა ღაზის სექტორის ბლოკირება ლენინგრადის ბლოკადას შეადარა.

„ეს კომენტარი კეთდება იმ ფომზე, როდესაც რუსეთი აგრძელებს დაუნდობელ საომარ კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ, რის გამოც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს იძიებს. ეს საქმე, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს ბრალდებებს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნედ ქცევის შესახებ,“ - წერს CNN.

 


7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.