ჩინეთის საგარეო მინისტრი: ღაზაში ისრაელის ქმედებები თავდაცვის ფარგლებს სცდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში თავდაცვის ფარგლებს სცდება და „ისრაელის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ღაზის ხალხის კოლექტიური დასჯა.“

ვან ის თქმით, მხარეები რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„არცერთმა მხარემ არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს და რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდის არაბეთის საგარეო მინისტრთან, პრინც ფაისალ ბინ ფარან ალ-საუდთან საუბრისას.


7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.