2014-2017 წლებში ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს მოიგებს.
ის ამბობს, რომ ისტორიის მაგალითები გვიჩვენებს, ომი ნებისყოფის გამოცდაა და ეს არის ლოგისტიკის ტესტი.
ამის შესახებ ჰოჯესი უკრიანულ მედიასთან („ევროპეისკაია პრავდა“) ინტერვიუში საუბრობს.
„რა თქმა უნდა, უკრაინა მოიგებს. ვფიქრობ, ხალხს არასწორად ესმის, რა არის კონტრშეტევა. ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ადგილზე - ბრძოლა სანგრებში და ნაღმებთან. ეს მხოლოდ კომპონენტია ბევრად უფრო დიდი, ძალიან დახვეწილი კონტრშეტევის, რასაც NATO „მრავალ დომენს“ უწოდებს.
სწორედ ამას აკეთებს ახლა უკრაინა: ჰაერი, ხმელეთი, ზღვა, კიბერსფერო, ინფორმაცია.... ყველაფერი ინტეგრირებულია ისე, რომ უკრაინას ეძლევა ინიციატივა და ის უზარმაზარ ზეწოლას ახდენს რუსეთის გენერალურ შტაბზე. თავდასხმა ყირიმზე ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, ეს ყველაფერი ერთად, არ იყო შემთხვევითი. ეს იყო ძალიან დახვეწილი მიდგომა, ლოგისტიკური ტექნიკური მომსახურების ობიექტზე თავდასხმისა და განადგურებისთვის, შემდეგ კი, შავი ზღვის ფლოტის შტაბის განადგურების მიზნით,“ - აღნიშნა ჰოჯესმა.
ჟურნალისტმა ჰოჯესს ჰკითხა: არც ისე დიდი ხნის წინ, თქვენ ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებდით ამ წლის ბოლომდე ყირიმის გათავისუფლების შესახებ. რატომ არ მოხდა ეს?
„მე მჯეროდა, რომ უკრაინა ამ ზაფხულის ბოლომდე გაათავისუფლებდა ყირიმს. მაგრამ, როგორც გახსოვთ, მე ყოველთვის გამოვდიოდი გაფრთხილებით: თუ დასავლეთი უზრუნველყოფდა ყველაფერს, რაც საჭიროა. და ჩვენ ეს არ გავაკეთეთ,“ - უპასუხა ჰოჯესმა.
მისივე თქმით, საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი თავს არ დაესხმებოდა უკრაინას, ამ ქვეყნის NATO-ში ყოფნაა. „რუსეთს არ სურს თვითმკვლელობა, რაც მისი მხრიდან NATO-ზე თავდასხმა იქნებოდა,“ - აღნიშნავს ჰოჯესი. მან შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„ჩვენ გვჭირდება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის. უნდა შევწყვიტოთ უკრაინაზე ისე ლაპარაკი, რომ ის თითქოს, კუნძულია, ამის ნაცვლად, უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ, როგორც რეგიონის ნაწილზე, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, როგორც NATO-ს წევრი. უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მერე ვინ იცის, იქნებ მოლდოვა და საქართველო (ვნახოთ, რედ.) ევროკავშირში მაინც. ეს შეცვლიდა უსაფრთხოების დინამიკას ისტორიულად, თაობების განმავლობაში. ასეც მოხდება,“ ამბობს ბენ ჰოჯესი.
- სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა - ექსკლუზივი
- ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია - ექსკლუზივი