სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, პარლამენტის შენობასთან, 19 თებერვალს, შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, 2021 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ამ ეტაპისთვის გამოკითხულია აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელსაც დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულნი არიან სხვა დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
19 თებერვალს, პარლამენტთან პოლიციამ სხვადასხვა აქციის 25 მონაწილე დააკავა.