ომბუდსმენმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების სამართლებრივი შეფასება სთხოვა

სახალხო დამცველმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა.

„18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა.


წერილში საქართველოს სახალხო დამცველმა მიუთითა რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.

დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.


„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განცხადება 2023 წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად აქვს განხილული კანონპროექტის არსი და ის ზიანი, რაც მისი დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება მიადგეს შეკრება-მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციურ სტანდარტს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. პრეზიდენტმა 17 ოქტომბერს  ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს.“

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი 5 ოქტომბერს დაამტკიცა.