საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:
„საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს.“
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის საკითხზე განმარტება ბოლოს 26 სექტემბერს გაავრცელა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“
საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
19 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა.
მანამდე, ასევე 19 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.“
იუსტიციის სამინისტროს 20 სექტემბრის განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება 22 სექტემბერსაც გაავრცელა, რითაც განმარტავდა, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს.