ბაიდენის გზავნილები ისრაელიდან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თელ-ავივში ვიზიტის დროს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პალესტინელების დიდი უმრავლესობა არ არის „ჰამასი.“

„ჰამასი არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. „ჰამასი“ უდანაშაულო ადამიანებს, უდანაშაულო ოჯახებს ღაზის სექტორში, ცოცხალ ფარად იყენებს, პალესტინელი ხალხიც ძალიან იტანჯება," - აღნიშნა ბაიდენმა.


მან მწუხარება გამოთქვა ღაზის სექტოში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„მე ვწუხვარ, მე ნამდვილად ვწუხვარ იმ ოჯახების გამო, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ ამ ტრაგედიის დროს," - აღნიშნა ბაიდენმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა თელ-ავივში გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპს.

„ჩვენ უნდა განვაგრძოთ გზა მშვიდობისკენ. ჩვენ უნდა განვაგრძოთ სწრაფვა იმისკენ, რომ ისრაელმა და პალესტინელმა ხალხმა შეძლონ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად ცხოვრება.“


ბაიდენმა აქვე აღნიშნა, რომ ისრაელი თანახმაა, ღაზის სექტორში ეგვიპტიდან მიმავალი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და აშშ ამ მიზნით ეგვიპტესთან, გაეროსთან და მის სააგენტოებთან მჭიდროდ მუშაობს.

„ღაზის მოსახლეობას სჭირდება საკვები, წყალი, მედიკამენტები, თავშესაფარი,“ - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.


„დღეს მე ვთხოვე ისრაელის კაბინეტს, რომელსაც ამ დილით გარკვეული დროით შევხვდი, დათანხმებულიყო ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩატარდება ინსპექტირება და რომ დახმარება უნდა მიეწოდოს მშვიდობიან მოსახლეობას და არა „ჰამასს“, - განაცხადა ბაიდენმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელზე 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა.

„მსოფლიო მაშინ უყურებდა და არაფერს აკეთებდა... ჩვენ ასე არ მოვიქცევით არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს. ჩემთვის, როგორც ამერიკის პრეზიდენტისთვის, არ არსებობს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ყველა მძევლის გათავისუფლება და უსაფრთხო დაბრუნებაა”, - აღნიშნა ბაიდენმა.


ამერიკის პრეზიდენტის თქმით, „ჰამასმა“ ჩაიდინა სისასტიკეები, რომლებიც გვახსენებს ISIS-ს.

„თქვენ მარტო არ ხართ,“ - მიმართა მან ისრაელის ხალხს.

აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში დღეს ჩავიდა.