საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფება

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟილვინას ტომკუსი იმყოფება. თავდაცვის უწყებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ლიეტუველ სტუმარს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჟილვინას ტომკუსმა 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგური (მზის ენერგიის პანელები) დაათვალიერა, რომელიც სამხედრო ბაზაზე ლიეტუვის მხარდაჭერით დამონტაჟდა.


თავდაცვის უწყებამ პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს, მათ შორისაა, სამინისტროს მხრიდან პროექტირება, მონტაჟი, რომელიც „დელტა მშენებელმა“ შეასრულა, აუდიტორიული კვლევის ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. დარჩენილი თანხა კი, სააქციო საზოგადოებამ „ვიასოლის ენერგია“ გაიღო.

მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა დიდ ქვედანაყოფებშიც იგეგმება.


ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა.

მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შეხვდა. ლელა ჩიქოვანმა ლიეტუველ კოლეგას მტკიცე პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.

საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში ლიეტუვის მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა და თავდაცვის ატაშე დონატას რუპშუსი დაესწრნენ.