ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის საკითხებში ვიცე მინისტრმა, კაირატ ტორებაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
ტორებაევის თქმით, ეს ძირითადად უცხოური წარმოების საქონელია, რომლის ექსპორტიც არის აკრძალული, იმპორტი კი, კვლავ ნებადართულია.
„ჩვენ მთლიანად შევზღუდეთ მათი ექსპორტი. ეს არის სამხედრო საქონელი. მაგალითად, დრონები და მათი კომპონენტები, სპეციალიზებული ელექტრონიკა, ჩიპები და მსგავსი პროდუქტები,“ - განაცხადა კაირატ ტორებაევმა.
ცნობისთვის, დასავლეთი შიშობდა, რომ მესამე ქვეყნები შეიძლება, გამოყენებულნი იყვნენ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის. კერძოდ, მიუთითებდნენ საფრთხეზე, რომ რუსეთის ხელში აღმოჩნდება სხვადასხვა პროდუქცია, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს. ამის გამოსარიცხად, ევროკავშირმა ზომები სანქციების მე-11 პაკეტის მიხედვით გაამკაცრა.
მაისში გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დრონები და მიკროჩიპები სანქციების გვერდის ავლით, რუსეთს მიეწოდებოდა ყაზახეთში დარეგისტრირებული სულ მცირე ორი კომპანიის მეშვეობით.
ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 2022 წლის მაისიდან სრულად აკრძალეს რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის მიწოდება ორმაგი დანიშნულების საქონელზე კი, სპეციალური სერტიფიცირება და საექსპორტო ნებართვები შემოიღეს.
ამავდროულად, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ შესაძლოა, კერძო კომპანიები ახორციელებდნენ აკრძალული საქონლის რეექსპორტს, რის შეჩერაბასაც ქვეყანის ხელისუფლება ცდილობს. ივნისში ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ასზე მეტი კომპანია მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.“
Bloomberg-მა მარტში გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსეთში ჩიპები შედიოდა ყაზახეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მეშვეობით, რითაც დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა.
ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, ე.წ. რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებშიც იმყოფებოდნენ ვიზიტებით, სადაც მიიღეს დაპირება, რომ ქვეყნები ბოლომდე დაიცავენ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ საკითხზე აშშ და ევროკავშირი მესამე ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობენ.