რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს შეუწყობს. მისი თქმით, ზელენსკი ასეთ განცხადებებს რეგულარულად აკეთებს და „დასავლეთი მათზე ან დუნედ, ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი აფხაზეთთან მიმართებით მსგავს შეხედულებებს იზიარებენ.“
„ეს განცხადება იმას მოწმობს, რომ ზელენსკის და მის უკან მყოფ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ. უკრაინა ცდილობს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფიის გაფართოებას და რუსეთის გარშემო არასტაბილურობის დამატებითი სარტყლის შექმნას... იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არ მგონია, რომ ომი დღეს მათთვის მომგებიანი იყოს,“ - განაცხადა ბჟანიამ.
„ინტერფაქსის" ცნობით, მანვე აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ხელისუფლება“ მუდმივად აძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს და მოქმედებს „მოკავშირეებთან ერთიანი ფრონტით“.