სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები.
მისი თქით, ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ.
„კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა.
გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება.
„უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე.
საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას.
სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა.
მსურს, მადლობა გადავუხადო უწყების თითოეულ თანამშრომელს საანგარიშო წლის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ურთულეს ამოცანებთან გამკლავების პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული სამუშაოსთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.