გრიგოლ ლილუაშვილი: 2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რუსული ოკუპაცია რჩებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი. 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები.

მისი თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება.


ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დამატებით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ზრდიდა ზეწოლას ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

ანგარიშში წარმოგიდგენთ 2022 წელს საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული უსაფრთხოების პროცესების, ასევე ქვეყნის წინაშე გამოკვეთილი საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და საქმიანობის მიმოხილვას.


საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი. 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა.

„ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ.

კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა.

გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.


მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება.

„უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე.


საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას.

სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა.

მსურს, მადლობა გადავუხადო უწყების თითოეულ თანამშრომელს საანგარიშო წლის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ურთულეს ამოცანებთან გამკლავების პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული სამუშაოსთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.