სუს-ის ხელმძღვანელი: ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა

სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა, გენერალურმა პროკურორმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა, ოთარ ფარცხალაძემ საქართველო დატოვა.

ლილუაშვილის თქმით, სუს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.

„ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს,” - განაცხადა ლილუაშვილმა.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.