სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ პარტნიორებს ოთარ ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წინსწრებად რომ ჰქონოდათ, ქართულ მხარეს მიაწვდიდნენ.
„მტკიცებულებები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით კარგა ხანია, საქართველოს პროკურატურის მეშვეობით, ასევე ჩვენი ინიციატივითა და თხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, ამჟამად არანაირი დეტალი არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს.
ეს ძალიან დამაფიქრებელია. ახლა მასმედიაში გავრცელდა ასეთი რამ – თუკი ინფორმაცია ჰქონდათ ამერიკულ სპეცსამსახურებს და ჩვენს პარტნიორებს, ეტყობა, ქართულ სპეცსამსახურებს არ ენდობიან და ამიტომ არ მიაწოდესო.
მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს სამსახურებს შორის ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცილებით სენსიტიური და უფრო დიდ ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაცია იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო. ჩვენს პარტნიორებს ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წინსწრებად რომ ჰქონოდათ, დიდი ალბათობით, მოგვაწვდნიდნენ.
ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების თითქმის უმრავლესობას მივმართეთ, მათ ხელთ თუ არსებობს რაიმე ოპერატიული ინფორმაცია ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით. ვერაფერი – პირიქით, ინტერესი გამოიწვია საკითხმა და ყველა ჩვენი კოლეგა პარტნიორი ჩვენგან ითხოვს დეტალებს,“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.