გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე: პარტნიორ ქვეყანას მოსაზრებები არ გაუზიარებია, რაც გულდასაწყვეტია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მოსამართლეთა სანქცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ არც მის და არც სხვა უწყებას, კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.


„ასე უაპელაციოდ, ყოველგვარი დეტალის გარეშე, საჯარო სივრცეში გასული ინფორმაციის თანახმად ხდებოდეს ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირების დასანქცირება, ჩვენ და არც ერთ სამართალდამცავ უწყებას კონკრეტიკა არ გაგვაჩნია. მით უმეტეს, ჩემი სამსახური მოკლებულია უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივ დევნას, თუმცა ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ამას შევაგროვებდით და გადავცემდით იმ უწყებას, ვისაც ხელეწიფება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, არაფერი მიგვიღია [მტკიცებულებები].


ძალიან სავალალო ტენდენციაა, როცა პარტნიორ ქვეყანას შეგიძლია, მოსაზრებები გაუზიარო, მათ შორის, კორუფციული მიმართულებით, ამაში არ დევს არც გეოპოლიტიკური საიდუმლოება და არც ისეთი სენსიტიური საკითხები, რომ რაღაც პარტნიორობა დავაზიანოთ ან გლობალური ინტერესები, თუმცა ამას ადგილი არ ჰქონია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია," - განაცხადა ლილუაშვილმა.

აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები 5 აპრილს დაუწესა.