აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, შტატები არ დაუშვებს „ჰამასის“ და პუტინის გამარჯვებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად კონგრესს მილიარდობით დოლარს სთხოვს. მან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს პირდაპირი ეთერის დროს მიმართვისას განუმარტა, რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს. მისი შეფასებით, „ჰამასი“ და პუტინი სხვადასხვა ტიპის საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. მათ მეზობელი დემოკრატიული ქვეყნების მთლიანად განადგურება სურთ.
„ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა.
„ვიცი, შესაძლოა, ბევრს ეჩვენებოდეს, რომ ეს კონფლიქტები შორსაა და ამერიკისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია კითხვის დასმაც, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის, ასე რომ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ რატომ არის ისრაელისა და უკრაინის წარმატება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას,“ - აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ხელს არ შეუწყობს „პუტინის მადის შეჩერებას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით,“ ის არ შეჩერდება უკრაინაში შეჭრაზე და პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზეც გადავა.
„ჰამასთან“ კონფლიქტთან დაკავშირებით კი, ჯო ბაიდენის მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიზნის ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის აშენებას ითვალისწინებს.
”ამერიკული ალიანსები არის ის, რაც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს სურთ მუშაობა. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, უკრაინასთან დაშორებით, ისრაელისთვის ზურგის შექცევით- უბრალოდ არ ღირს,“ - განაცხადა ბაიდენმა.
მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას უნდა მოხმარდეს, 14 მილიარდი ისრაელს და დანარჩენი კიდევ რამდენიმე მოკავშირეზე უნდა განაწილდეს. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს.
WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.