სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს

აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად გაუწიოს დახმარება როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 11 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა სწრაფად მოახდინა რესურსების მობილიზება, მათ შორის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ის გაგზავნა ახლომდებარე წყლებში, რათა დაეხმაროს ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა.

„ჩვენ გვაქვს ბიუჯეტი, რომლითაც შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ ასევე გვაქვს ბიუჯეტი, რომ შევძლოთ ისრაელს მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება.


„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მოსაზრებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუძლია, ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხს და მხარი დაუჭიროს ისრაელის სახელმწიფოს,“ - განაცხადა სალივანმა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.