ყაზახეთმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის გამო მოქმედი საერთაშორისო სანქციების საფუძველზე აკრძალა რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი.
რადიო თავისუფლების ყაზახურის სამსახურის ცნობით, ვაჭრობის და ინტეგრაციის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობას „არაკორექტული“ უწოდა.
ყაზახეთის ვაჭრობის და ინტეგრაციის სამინისტროს განცხადებით, „ანტირუსული სანქციების“ გამო რუსეთში რაიმე საქონლის ექსპორტი არ აუკრძალავთ და ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების რეგულირება ხდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებასთან სრული შესაბამისობით.
რაც შეეხება ორმაგი დანიშნულების საქონელს, ყაზახეთის ვაჭრობის და ინტეგრაციის სამინისტროს თანახმად, საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლით ვაჭრობა ხდება ყაზახეთის საერთაშორისო ვადებულებების შესაბამისად და ქვეყნის კანონონმდებლობით, ამ ტიპის საქონელს ექსპორტ-იმპორტის, ან ტრანზიტისთვის სჭირდება შესაბამისი ლიცენზიის მიღება.
ყაზახეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, საექსპორტო კონტროლს, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ხორციელდება, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.
გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფმა 2023 წლის მაისში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთს, საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, დრონები და მიკროჩიპები მიეწოდებოდა ყაზახეთში დარეგისტრირებული, სულ მცირე ორი კომპანიის მეშვეობით.
19 ოქტომბერს, არაერთი მედია, მათ შორის „დოიჩე ველე“ წერდა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო. ეს კომენტარი ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის საკითხებში ვიცე მინისტრ, კაირატ ტორებაევზე დაყრდნობით გავრცელდა.