ილია დარჩიაშვილი: რუსეთთან ჩინეთის ურთიერთობების ხასიათსა და განვითარების მიმართულებებს ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ

„ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით,“- ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას გააკეთა.

შეკითხვა ეხებოდა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ამასთან დაკავშირებულ დოკუმენტში ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ჩანაწერს. შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

შემდეგ აღნიშნულია, რომ „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.“

პარლამენტარმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს ჰკითხა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამაზე პასუხად ჩანაწერი, რომელიც ცხადად იტყოდა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


„საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებასთან დაკავშირებით.

ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი - ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.