საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და სამუშაოების კოორდინაციას სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ე.წ. „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის გაზრდისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.
„ამასთან, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაში ხელს უწყობს, საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და სანდო სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას ჩინეთთან.
2017 წლის თებერვალში, საქართველომ ოფიციალური თხოვნით მიმართა სამდივნოს ამ ფორმატში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე, რასაც წინ უძღოდა მონაწილე ევროპული ქვეყნების და ჩინეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე ჩატარებული ინტენსიური კონსულტაციები.
სამწუხაროდ, იმ დროისთვის, ჩვენი თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ბოლო პერიოდში, ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ფონზე, ჩინურმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაეჭირა საქართველოს ამ სურვილისთვის, რაც ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან კვლავ დადასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების დროს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს აღიარებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად, რაც ზრდის საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის დატვირთვას და ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად შესრულების შესაძლებლობებს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.
-
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
-
ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება