ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და მხარეთა მიერ დეკლარილებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების „დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას.“

მინისტრის განცხადებით, საგარეო მიზნები, რომელის ხელისუფლებამ „კონსტიტუციურ ნორმად აქცია“, „სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან“ და „არანაირიად არ შეაფერხებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს.“


მას დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუთანხმა მთავრობამ პარლამენტს ჩინეთთან შეთანხმება.

„საქართველო და ჩინეთი უძველესი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. დღეისთვის, რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ჩინეთისთვის საქართველოს გამორჩეულ როლს რეგიონში.

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ერთდროულად, ევროკავშირთან (2014 წლიდან) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (2018 წლიდან) აქვს გაფორმებული. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის; ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ ორივე შეთანხმებით მიღებულ შესაძლებლობას და ვზრდით ვაჭრობის მოცულობას ორივე მიმართულებით.

ჩინეთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენს, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის: „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ - ამერიკის და ევროპის 40 ქვეყანას; "სტრატეგიული პარტნიორობა" - ევროპის, ამერიკის, აზიის, წყნარი ოკეანისა და აფრიკის, 20 ქვეყანას; ასევე, ევროკავშირს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN) და აფრიკის კავშირს (AU).


უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში (Cooperation between China and Central and Eastern European Countries = China-CEEC) ჩართულია ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და შესაბამისად, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით ამ ფორმატში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომი განმტკიცებისთვის,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.


მინისტრის თქმით, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით, სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაზრდაა მთავარი ამოცანა.

„შესაბამისად, საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და სამუშაოების კოორდინაციას სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ე.წ. „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის გაზრდისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.

ამასთან, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაში ხელს უწყობს, საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და სანდო სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.


ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას ჩინეთთან.

2017 წლის თებერვალში, საქართველომ ოფიციალური თხოვნით მიმართა სამდივნოს ამ ფორმატში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე, რასაც წინ უძღოდა მონაწილე ევროპული ქვეყნების და ჩინეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე ჩატარებული ინტენსიური კონსულტაციები. სამწუხაროდ, იმ დროისთვის, ჩვენი თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ბოლო პერიოდში, ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ფონზე, ჩინურმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაეჭირა საქართველოს ამ სურვილისთვის, რაც ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან კვლავ დადასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების დროს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს აღიარებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად, რაც ზრდის საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის დატვირთვას და ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად შესრულების შესაძლებლობებს.


მინისტრის განცხადებით, ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში (14+1 ფორმატში) საქართველოს დამკვირვებელ წევრად ჩართვა „ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეიძლება განვიხილოთ.“

როგორც დარჩიაშვილმა განმარტა, ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მონაწილეობა, თავის მხრივ, ხაზს უსვამს და ამყარებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან კუთვნილებას.

„საქართველოსთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ ფორმატში ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამით საქართველო კიდევ ერთხელ მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან - დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

14+1 ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეგვიძლია, განვიხილოთ, განსაკუთრებით, ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის ფონზე. 14+1 ფორმატში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება ქართულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს ფორმატში მიმდინარე პროცესების, ერთობლივი პროექტების და გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, რაც, თავის მხრივ, უაღრესად სასარგებლო იქნება ჩვენთვის,“ - განაცხადა მინისტრმა.


„რაც შეეხება გლობალურ კონტექსტს, საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები და გაერო, მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არსებული რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც მდგრადი განვითარების უმთავრესი საწინდარია. ერთობლივ განცხადებაში მოხსენიებულ ინიციატივებს სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ.


ამასთან, მიგვაჩნია, რომ განცხადების დებულებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის თანმიმდევრულია იმდენად, რამდენადაც საუბარია გაეროს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების დაჩქარების, ასევე ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო - საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებასთან დაკავშირებით.


ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი - ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.