აზერბაიჯანის ელჩი: სომხეთს შეუძლია, შუა დერეფნის პროექტში აზერბაიჯანისა და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს

სომხეთს შეუძლია, შუა დერეფნის პროექტში აზერბაიჯანისა და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა ნიდერლანდებში, რაჰმან მუსტაფაევმა ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე „შუა დერეფანი - ახალი ჰორიზონტი ევროპისთვის“ განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა კონფერენციის მონაწილეებს აზერბაიჯანის პოზიცია და აღნიშნული პროექტისგან ოფიციალური ბაქოს მოლოდინები გააცნო.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა არამხოლოდ საქონლის უფრო ეფექტიანი ტრანსპორტირება ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის, არამედ, შიდარეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება.


მუსტაფაევმა ასევე აღნიშნა, რომ შუა დერეფნის პროექტის წარმატებით განხორციელება ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთს შეუძლია, ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს.


ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე ნიდერლანდების ბიზნეს წრეების, მთავრობის, მედიისა და ექსპერტთა წრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიება აღნიშნულ ქვეყანაში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, საქართველოსა და თურქეთის საელჩოების ორგანიზებით ჩატარდა.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.


TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.


ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.


აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.