ლატვიის საგარეო უწყება: შუა დერეფანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, საჭიროა გამტარუნარიანობის გაფართოება

ლატვია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) გაფართოებას საჭიროდ მიიჩნევს.

უწყების შეფასებით, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში შუა დერეფანი ღირებული ალტერნატივაა.

„ტრანსკასპიურ დერეფანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს; თუმცა, ჯერ კიდევ რჩება საკმაოდ ბევრი ინსტიტუციური, ფიზიკური და ოპერაციული ბარიერები გაფართოებისთვის. ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა არის გემების გამტარუნარიანობა შავ და კასპიის ზღვებში. ალტერნატიული მარშრუტის განსავითარებლად, აშკარად საჭიროა ამ დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოება“, - აცხადებენ სამინისტროში.


ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ალტერნატიულ მარშრუტად მიიჩნევა რუსეთის გვერდის ავლით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად.

„აზიიდან ევროპისკენ რუსეთისა და ბელორუსის გავლით ტრადიციულ დერეფანზე, უსაფრთხოების სხვადასხვა რისკები მოქმედებს, მათ შორის, სანქციების თავიდან აცილება რუსეთისა და ბელორუსის გავლით ცენტრალურ აზიაში ტრანზიტის დროს,“ - აცხადებენ სამინისტროში.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.


TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.


ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.


აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.