ეგვიპტელი მესაზღვრეები მსუბუქად დაშავდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელის ტანკმა შემთხვევით ეგვიპტის საგუშაგო კოშკს გაუხსნა ცეცხლი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოდიში მოიხადა. CNN-ის ცნობით, ეგვიპტის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთმა მესაზღვრემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
„კვირას ღაზის სექტორში მიმდინარე შეტაკების დროს, ეგვიპტის სასაზღვრო საგუშაგო კოშკს შემთხვევით მოხვდა ისრაელის ტანკის ჭურვის ფრაგმენტები, რის შედეგადაც რამდენიმე მესაზღვრე დაშავდა,“ - განაცხადა ეგვიპტის შეიერაღებული ძალების სპიკერმა. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მხარემ „დაუყოვნებლივ“ გამოხატა თავისი სინანული უნებლიე ინციდენტის გამო. ამასთან, ისრაელი მომხდარს იძიებს.
ეგვიპტე ისრაელს და ღაზის სექტორს ესაზღვრება.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.