ირანში სასამართლომ ორ ჟურნალისტს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ორ ჟურნალისტს, ნილუფარ ჰამედის, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია ამინის გარდაცვალების შესახებ, და ელაჰ მოჰამადის, რომელიც წერდა მისი დაკრძალვის შესახებ, მიესაჯათ შესაბამისად შვიდი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა,“ იტყობინება სასამართლო სისტემის ახალი ამბების ვებგვერდი, Mizan.
AP-ის თანახმად, ბრალდებებს შორის იყო აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობა, შეთქმულება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდა.
ერთ წელზე მეტია, ორი ქალი ჟურნალისტი პატიმრობაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც მათ გასულ წელს მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილი გააშუქეს.
ჟურნალისტები ბრალდებებს უარყოფენ. აშშ-ში მოქმედი „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” განცხადებით კი, ჰამედისა და მოჰამადის გასამართლება, ირანის ხელისუფლების მხრიდან, ჟურნალისტიკის კრიმინალიზების მცდელობაა.
მიმდინარე წლის მაისში გაერომ ორივე ჟურნალისტი პრესის თავისუფლების პრიზით დააჯილდოვა.
გასულ წელს ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია. ახალგაზრდა გოგო ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა. დაკავების შემდეგ, კომაში მყოფი ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხელისუფლება ახალგაზრდის სიკვდილს ჯანმრთელობის პრობლემებით ხსნიდა, თუმცა მისი ოჯახი თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ქალს დაკავებისას სცემეს.
ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, დემონსტრაციების დროს ქვეყანაში 500-ზე მეტი პირი მოკლეს, დააკავეს ათასობით ადამიანი, მათგან ბევრს პატიმრობა მიუსაჯეს. 7 ადამიანი კი, დაკავების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.