ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით

უკრაინული ძალების მიერ ყირიმსა და მიმდებარე წყლებზე სრული საცეცხლე კონტროლი დროის საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.


„მსოფლიოში ბევრისთვის ყირიმი იყო არგუმენტი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, სავარაუდოდ, მიუღწეველი იყო. რუსეთის კონტროლი შავ ზღვაზე და ოკუპანტის ფლოტის არსებობა ქმნიდა ილუზიას, რომ რუსეთის დომინირება შავ ზღვაში თითქოსდა დაუძლეველია,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


უკრიანის პრეზიდენტის თქმით, ეს ილუზია ქრება, რადგან რუსეთის სამხედრო ფლოტი თანდათან გარბის ყირიმიდან.

„რუსეთის სამხედრო ფლოტი ვეღარ ახერხებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს არის ისტორიული მიღწევა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის - უფრო სწორად, მისი ნარჩენების - ახალი ბაზის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნა. მაქსიმალურად შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით," - განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ Апостроф TV-სთან ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ოჩამჩირის პორტში რუსეთის მიერ ჩატარებულ სამუშაოზე.

სკიბიცკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს. მისივე განმარტებით, ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა.

სკიბიცკის თქმით, რუსეთის მიერ შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დისლოკაციის შეცვლა განპირობებულია ანექსირებულ ყირიმზე უკრაინის გახშირებული იერიშებითა და ოპერაციებით.