სააგენტო Reuters-ის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში 8 ნოემბერს შეაფასებს 3 ქვეყნის - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესს. გამოცემა ცნობას სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კიევი მიიღებს პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, შესაძლო დამატებითი პირობებით, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასა და უმცირესობების უფლებებთან. ეს უკანასკნელი უნგრეთმა წამოჭრა.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რომ მსგავსი რეკომენდაცია შეიძლება, გაიცეს მოლდოვაზეც, საქართველოზე კი, ევროკომისიაში ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებულები, მისცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.