ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.
ბჟანიას თქმით, უკრაინას სურს, რუსეთისთვის "დესტაბილიზაციის სარტყლის" შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის გაღვივებას.
„ზელენსკისა და მის უკან მდგარ ძალებს ცხადია, სურთ კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, გაზარდოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას “დესტაბილიზაციის სარტყელი” რუსეთის ფედერაციის გარშემო. თუმცა, მათ არ აღელვებს ის, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპონ,“ - განაცხადა ბჯანიამ.
ბჟანიას იმედი აქვს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გამოიჩენს თავშეკავებას და პრაგმატულობას, რადგან არ ჰგონია, რომ მათთვის ახლა ომი იყოს სარგებლის მომტანი.
„აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იქნება უზრუნველყოფილი როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების, ასევე ჩვენი მოკავშირეების მიერ," ამბობს რუსეთის მარიონეტი ბჟანია.
შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.