ელჩი ერინ მაქიი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, სომხეთის შემდეგ საქართველოს ეწვია. ამერიკის საელჩოს ცნობით, ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი ამერიკის დელეგაციას უხელმძღვანელებს თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რაც კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-ს პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც წარმოადგენს ევროატლანტიკური სავაჭრო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და ენერგეტიკულ ცენტრს.
ვიზიტის დროს ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი შეხვდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს USAID-ის პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება.
საქართველოში ყოფნისას ელჩი მაქიი ოფიციალურად გახსნის USAID-ის „განათლება მომავლის“ პროგრამას. ეს პროგრამა USAID-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას.
ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებს, განათლების და ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს ადმინისტრატორის მოადგილის მეორე ვიზიტია საქართველოში, ის პირველად ქვეყანას 2022 წლის ნოემბერში ეწვია.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ის განვითარების წამყვანი სააგენტოა, რომელიც ამჟამად საქართველოში 40 პროგრამას ახორციელებს. ეს პროგრამები მიზნად ისახავს საქართველოს და მისი მოსახლეობის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც 1992 წლიდან უკვე 1.9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია ქვეყანას.
USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და დემოკრატიას, რაც დაეხმარება საქართველოს მოსახლეობის მიერ განცხადებული სურვილის შესრულებას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტ დროს ითვლის, USAID-მა მხარი დაუჭირა ისეთი პროგრამების განხორციელებას საქართველოში, როგორებიცაა: მოსახლეობის ელექტოროენერგიით უზრუნველყოფა, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვაზე ზრუნვა, საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობის და შესაძლებლობების შექმნა და მოქალაქეზე ორეინტირებული დემოკრატიული პროცესების გაძლიერება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე,“ - აცხადებენ ამერიკის საელჩოში.