ევროკავშირის ელჩი: ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ წელიწადნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა „წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.“

ჰერჩინსკიმ დაასახელა ის მიმართულებები, სადაც ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია, მათ შორის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.

„ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მაგალითად, პოლარიზაციას თუ შევხედავთ, ის ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. დეოლიგარქიზაციის მხრივაც, ჯერ მხოლოდ სამომავლო ნაბიჯები არსებობს. ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე მუშაობა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა. ასევე, მიხარია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იყო წარმატებული,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.