ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს USAID-ი აფინანსებს რევოლუციურ სცენარებს, აქეზებს ექსტრემიზმს საქართველოში და ერევა არჩევნებში. მის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ერინ მაქიის განცხადებით, USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა."


„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ორგანიზაციას, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ხალხს... ჩვენ ფოკუსირებული ვართ დემოკრატიის დაცვაზე,“ - ციტირებს გამოცემა ერინ მაქიის, რომელიც მედიის წარმომადგენლებს თბილისში, განათლების სფეროში 14 მლნ დოლარით დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის გახსნის ღონისძიების შემდეგ ესაუბრა.


ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID-ი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროგრამას "განათლება მომავლისთვის საქართველოში". $14-მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებულ სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია "ქემონიქსი".


USAID-ის პროგრამა "განათლება მომავლისთვის საქართველოში" 5 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას.

ერინ მაქიი თბილისში ასევე დაესწრო "აბრეშუმის გზის ფორუმს."


ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე კომენტარები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა.

სუსის ვერსიით, USAID-ის დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე [26-29 სექტემბერი] გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.“


გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს არასამთავრობო სექტორის, მედიის, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები. ისინი გამოკითხვის დეტალებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. სუსში მათ „გაუთქმელობაზე“ აწერინებენ ხელს. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე, ორგანიზაცია "კანვასის" (ყოფილი "ოტპორი") ტრენერები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი და გამოკითხვიდან მეორე დღეს საქართველოს დატოვების უფლება მისცეს.