26 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში - ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
აშშ-ის გავითარების სააგენტო ახალ პროგრამას - “USAID განათლება მომავლისთვის“ იწყებს.
$14 მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია ქემონიქსი.
ამერიკული მხარის განმარტებით, USAID განათლება მომავლისთვის საქართველოში 5 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას. აშშ-ის განვითარების სააგენტოს განცხადებით, USAID აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას და ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის მშენებლობას.
USAID-ის „განათლება მომავლის“ პროგრამას გახსნის USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ მაქიი, რომელიც საქართველოში იმყოფება.
პროგრამა USAID-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას.