ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას. ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია.
„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას,” - ნათქვამია დასკვნით განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვის იმ გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყანას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის შედეგად შეექმნა.
ამასთან, ევროკავშირის საბჭო გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ ევროკავშირი გაგრძელებს უკრაინის და მისი ხალხის ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. საბჭო ხაზს უსვამს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარების აუცილებლობას, რათა უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებები დააკმაყოფილოს. განცხადებაში საუბარია სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზეც. საბჭოს განცხადებით, რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე.
ხაზს უსვამენ, რომ პარტნიორებთან კოორდინაციით საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი, თუ როგორ შეიძლება რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, დააჩქაროს ამ მიმართულებით მუშაობა.
Financial Times-ის ორი წყაროს ცნობით, ევროკომისია წინადადებების წარდგენას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს.
ამასთან, ბრიუსელი მუდმივ კოორდინაციაშია ვაშინგტონთან და ლონდონთან, რათა მიდგომების სინქრონიზაცია მოხდეს.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.
- „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.