ვაშინგტონი ევროკავშირი-აშშ-ის სამიტს მასპინძლობს

ვაშინგტონში ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ტარდება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. 

ევროკავშირის ცნობით, სამიტი იძლევა შესაძლებლობას, შეხვედრისას განიხილონ მჭიდრო ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები.

„დღეს მსოფლიო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას. და დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიოს სჭირდება ძლიერი ევროკავშირი-აშშ-ის ალიანსი ამ გამოწვევების დასაძლევად," განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სამიტის დაწყებამდე.

ლიდერები განიხილავენ როგორც უკრაინის, ისე ისრაელის საკითხებს.


ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს.

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“


პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.

აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის.


ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა.

„ვიცი, შესაძლოა, ბევრს ეჩვენებოდეს, რომ ეს კონფლიქტები შორსაა და ამერიკისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია კითხვის დასმაც, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის, ასე რომ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ რატომ არის ისრაელისა და უკრაინის წარმატება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას,“ - აღნიშნა ბაიდენმა.


მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ხელს არ შეუწყობს „პუტინის მადის შეჩერებას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით,“ ის არ შეჩერდება უკრაინაში შეჭრაზე და პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზეც გადავა.

„ჰამასთან“ კონფლიქტთან დაკავშირებით კი, ჯო ბაიდენის მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიზნის ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის აშენებას ითვალისწინებს.

”ამერიკული ალიანსები არის ის, რაც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს სურთ მუშაობა. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, უკრაინასთან დაშორებით, ისრაელისთვის ზურგის შექცევით- უბრალოდ არ ღირს,“ - განაცხადა ბაიდენმა.

მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას უნდა მოხმარდეს, 14 მილიარდი ისრაელს და დანარჩენი კიდევ რამდენიმე მოკავშირეზე უნდა განაწილდეს. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს.


WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.